ხუთშაბათი, 05.12.2024, 05:57 | მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა |
|
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 1 » გეოგრაფიული ცნობები:
14:06 გეოგრაფიული ცნობები: |
ხობის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში,
კოლხეთის დაბლობის ცენტრში. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით _ ჩხოროწყუს
მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით _ სენაკის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით _
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-დასავლეთით _ ქ. ფოთის ტერიტორია,
დასავლეთით _ შავი ზღვა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია 676 კმ2-ს შეადგენს და განთავსებულია ზღვის
დონიდან 2_470 მ-მდე სიმაღლეზე. განეკუთვნება კოლხეთის დაბლობის
სუბტროპიკულ ნოტიო კლიმატურ ზონას და ხასიათდება თბილი ზამთრითა და ცხელი
ნოტიო ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +140ჩ-ია. მდიდარია
ჰიდრორესურსებით _ უხვადაა დაქსელილი მიწის ზედა წყლებით, ასევე შიგა
წყლებით (ბევრია ჭაობი, მცირე ტბა და თერმული (გოგირდოვანი) წყლები.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 22% უკავია ტყეს (ძირითადად ფოთლოვანი
ჯიშები).
ბუნებრივი მცენარეულობა უმთავრესად შეცვლილია კულტურული მცენარეულობით. მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი და 20 ადმინისტრაციული ერთეული 56 სოფლით.
მუნიციპალიტეტის ცენტრი ქ. ხობი (ზღვის დონიდან 25 მ) დედაქალაქიდან
დაშორებულია 285 კმ-ით (რკინიგზით), 15 კმ-ის მანძილზე მდებარეობს სენაკის
აეროპორტი, ხოლო 35 კილომეტრის მანძილზე ფოთის საზღვაო პორტი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ჰკვეთს ევრაზიის რკინიგზის მაგისტრალი და
საავტომობილო გზა.
ხობის რაიონი კოლხეთის დაბლობის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.
ხობისწყალი ჰქვია მდინარესაც, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონიდან და
უერთდება შავ ზღვას, სოფელ ყულევთან. ანტიკური ხანის ისტორიკოსები
ხობისწყალთან აიგივებენ მდ. ქარიენტეს, ქარიატა ჰქვია დღესაც ბოლო სოფელს,
რომელსაც გაივლის მდ. ხობისწყალი. გადმოცემის თანახმად სწორედ ხობისწყლის პირას მოუკლავთ ბიზანტიელებს კოლხეთის დიდი მეფე გუბაზი (562 წ).
ხობი მდიდარია კოლხეთის დიდების დამადასტურებელი ისტორიული ძეგლებით,
20-მდე მიწისზედა და 300-მდე მიწისქვეშა ძეგლია, აქ მოპოვებული მასალები
გამოფენილია თბილისის, ზუგდიდის, ფოთის, ხეთის მუზეუმებში. ძვ.
წელთაღრიცხვის IV-I ათასწლეულებში კოლხური სამოსახლოები ხელოვნურ მიწაყრილ
ბორცვებზე იყო განლაგებული, ისინი ტორფისა და თიხის ქვეშ არიან დაძირულნი.
სოფელ ყულევში 2002 წლის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ძვ.
წ. IX საუკუნის კოლხური ნამოსახლარი. თიხის ჭურჭელში ნაპოვნია ყურძნის
წიპწები, რომელიც თარიღდება ძვ.წ VI საუკუნით. სოფელ ჭალადიდში 2009
წლის თებრვალში აღმოჩენილია აბრეშუმის საშრობი ნაგებობა-ღუმელი, აბრეშუმის
საქსოვი ხელსაწყო, რომლითაც დასტურდება, რომ საუკუნეების წინ აბრეშუმის
ქსოვილს სწორედ ამ რეგიონში აწარმოებდნენ. ასევე აღმოჩენილია IV საუკუნის
ბერძნული ამფორები და სამკაულები. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს
ხობის სამონასტრო არქიტექტურული კომპლექსი, რომელშიც შედის ტაძარი,
სასახლე, სამრეკლო, გალავანი და სხვა ნაგებობანი. მეცნიერთა
ვარაუდით ტაძარი აშენებული უნდა იყოს VII-XIV საუკუნეებში, ხალხური
გადმოცემით ტაძრის აშენებას უკავშირებენ დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა
და ცოტნე დადიანის სახელებს. ხობის მონასტერში საბჭოთა ხელისუფლების
დამყარებამდე დასვენებული ყოფილა უდიდესი სიწმინდეები: მარიამ
ღვთისმშობლის კვართი; წმ. გიორგის ბარძაყი; წმ. კვირიკეს ხელის მტევანი;
იოანე ნათლისმცემლის ნაწილი; შოლტი, რომლითაც მაცხოვარი იგვემა; დავით
აღმაშენებლის საწინამძღვრო და თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი.
ხობის მუნიციპალიტეტში 27 საჯარო სკოლაა
ფართობი - 676 კმ2 კლიმატი - ზომიერი ქალაქი - 1 სოფელი - 20 მანძილი თბილისამდე - 285 კმ მანძილი ზუგდიდამდე - 30 კმ უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი - 35 კმ უახლოესი რკინიგზის სადგური - 3კმ უახლოესი აეროპორტი-სენაკი - 15 კმ ქალაქის მოსახლეობა - 6100 სოფლის მოსახლეობა - 35 760 მოსახლეობა (დევნილთა ჩათვლით) - 41 749 კაცი მათ შორის: ქალი - 21 065 კაცი - 20 684 მოსახლეობის ეროვნული შემადგენელობა: 1)ქართველი - 99,3 % 2)რუსი - 0,5 % 3) აფხაზი - 0,1 % წყლის ძირითადი არტერიები: 1). ჭაბურღილები 2). მიწისქვეშა წყლები მუზეუმები: 1) ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 2) ალიო მირცხულავას სახელობის სახლ-მუზეუმი, პირველი ხორგა.
|
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები |
ნანახია: 2563 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
| |