ხუთშაბათი, 05.12.2024, 05:45მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1762

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 3 » ხალხური ჩვეულებანი
20:24
ხალხური ჩვეულებანი


საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებასთან, სამეგრელოს მოსახლეობაში იცვლებოდა არსებული ადათ-ჩვევები. მაგრამ ძველიც სამუდამოდ არ ისპობოდა და ამ ძველის დამახასიათებელი ზოგიერთი ჩვევა გადმონაშთის სახით არსებობას განაგრძობდა.

ჩვენ მიერ აქ აღწერილი ადათ-ჩვევები ეკუთვნის 1917 წ. ოქტომბრის რევოლუციის წინა პერიოდს და იგი არსებითად განსხვავდება დღევანდელისაგან.

ნიშნობა და ქორწილი. სამეგრელოში წინათ ქალ-ვაჟის დაქორწინება მხოლოდ მშობლებს ეკითხებოდა და ვისაც მშობლები აირჩევდნენ, ჯვარსაც იმაზე იწერდნენ. ნიშნობამდის, პირველი ყოვლისა, უნდა გამოერკვიათ ქალ-ვაჟისა და მათი მშობლების ვინაობა, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა და სხვა. ამისათვის ირჩევდნენ შეუკაცებს— „მარებელს", რომელსაც ევალებოდა ამ საქმის გამორკვევა.

ძველად სამეგრელოში ცოდნიათ ქალ-ვაჟის აკვანში დანიშვნა, რასაც „ონწეშ-იკოდგუმა"-ს უწოდებდნენ. ამას აწყობდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც მათ მშობლებს ერთმანეთის ხათრი და სიყვარული ჰქონდათ და სურდათ დანათესავება. მაშინ ვაჟის მშობლები მიიყვანდნენ ქალის ოჯახში და აქ ორივე აკვანს ერთად დადგამდნენ და იტყოდნენ: „იყავით ბედნიერი ცოლ-ქმარიო და ღმერთმა ერთმანეთს მზე და მთვარესავით შეგაბეროთო". დასასრულს, ბავშვის მშობლები ერთმანეთს გადაკოცნიდნენ და უსურვებდნენ ახლადანიშნულებს გაზრდასა და ბედნიერებას. ამასთანავე, ვაჟის პატრონი ქალის აკვანზე ჩამოკიდებდა სანიშნოდ რაიმე სამკაულს და ამ დღიდან ქალი ითვლებოდა ვაჟის საცოლედ.

სამეგრელოში წინათ გავრცელებული იყო აგრეთვე ქალის გატაცება. ქალი მოსწონდათ, მაგრამ ქალის ოჯახი მათ სწუნობდა და ქალს არ აძლევდა, მაშინ ვაჟი ამხანაგების დახმარებით, საცოლეს იტაცებდა და მას ერთი წლით სადმე გადამალავდა. საზოგადოდ, სამეგრელოში ქალის მოტაცება ვაჟისა და მისი ოჯახისათვის სასახელო და საქებარი საქმე იყო, ქალის ოჯახისათვის კი ეს გარემოება იყო დამამცირებელი და სამარცხვინო.

ქალ-ვაჟის დანიშვნის საქმეში მთავარ როლს თამაშობდნენ მათი დედ-მამა, ბიძა, ძმა და შუამავლები — „მერებელი". მათი შეთანხმების შემდეგ, ეწყობოდა ქალ-ვაჟის მიერ ერთმანეთის გასინჯვა, რასაც ეწოდებოდა „გინოძირაფა".

გასინჯვა წინათ უფრო ღამე სცოდნიათ, რომ სოფელში ხალხს არ გაეგო ეს ამბავი, რადგანაც დაწუნების შემთხვევაში, ქალს სახელი გაუტყდებოდა. ამიტომ, ცდილობდნენ ქალის გასინჯვა მოეწყოთ ოჯახში ფარულად და საიდუმლოდ.

ნიშნობის დღეს ქალის ოჯახში გაიმართებოდა სადილი და ვაჟი გამოგზავნიდა ბიძასა თუ ძმის ხელით სანიშნო ტანისამოსს და სამკაულებს — „შინა"-ს.

ქალის ნიშნობას ჩქარა მოჰყვებოდა ჯვარისწერა და ქორწილი. ამისთვის დღეს ამოირჩევდნენ, გარდა ორშაბათისა და პარასკევისა.

ჯვარდაწერილ ნეფე-დედოფალს ეკლესიიდან გამოიყვანდნენ, კარებში ორი მაყარი დადგებოდა გადაჯვარედინებული ხმლებით, რომლის ქვეშ გაატარებდნენ „სინჯა დო მოჭყუდუ"-ს ნეფე-დედოფალს.

გაიშლებოდა ქორწილის სუფრა. თუ დიდი ქორწილი იყო, აშენებდნენ ფარდულს — „სეფა"-ს, სადაც ქალები და კაცები ცალ-ცალკე სხდებოდნენ. დადე და მაყრები პირველად შემოიყვანდნენ პატარძალს და სუფრასთან დასვამდნენ. გაიმართებოდა შესაწევარი — „გინოთამა" და პატარძალს ეწეოდნენ ფულით და ნივთებით.

ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, სამეგრელოში ძველად გავრცელებული და წესად იყო მიღებული ბავშვის გაჟიჟავება. ეს წესი ხელს უწყობდა ღარიბსა და შეუძლო გლეხს დაახლოებოდა შეძლებულ ოჯახს, რომელსაც შეეძლო მისთვის გაეწია დახმარება და მფარველობა.

 

  

მიცვალებულის გასვენება, ტირილი და გლოვა

 

ადამიანის გარდაცვალების მწუხარებას სამეგრელოში გამოხატავენ კივილით, თმების გლეჯითა და პირისახის დაკაწვრით, რაც დამახასიათებელ მოვლენას წარმოადგენს მეგრული ტირილისათვის, მომაკვდავ ადამიანს ხელში მისცემენ ანთებულ სანთელს, კარ-ფანჯარას გააღებენ, რომ მიცვალებულის სული დაუბრკოლებლივ გავიდეს სახლიდან და საიქიოში გაემგზავროსო.

გარდაიცვლება თუ არა ადამიანი, მაშინვე ჭირისუფალი ასტეხს საშინელ კივილს, კაცები კი ხმამაღლა მოსთქვამენ. მიცვალებულის ლოგინს მაშინვე მოარღვევენ და მას სხვაგან გაასვენებენ, კივილით სოფელი იგებს ადამიანის გარდაცვალებას და ყველანი გამორბიან მიცვალებულის ოჯახში.

მესამე ან მეოთხე დღეს შეუდგებოდნენ მიცვალებულის გასვენების თადარიგს.

ტირილის დღეს მოიწვევდნენ მოზარეებს, რომელიც შედგებოდა ოთხი-ხუთი კაცისაგან. შუადღისას გაიმართებოდა ქელეხი სამარხვო საჭმელებით.

ქელეხი გათავდებოდა თუ არა, დაიწყებოდა მიცვალებულის დატირება.

წინათ არც კუბო სცოდნიათ, მიცვალებულს სუდარაში შეახვევდნენ თურმე, დაასვენებდნენ საკაცეზე, ისე მიიტანებდნენ სასაფლაოზე და ჩამარხავდნენ.

სასაფლაოდან დაბრუნებული ჭირისუფალს ეზოშივე ხელ-პირს დააბანინებდნენ, რომ კურცხალი — ცრემლი შინ არ შეჰყვესო. მგლოვიარე დედა და ცოლი ზოგჯერ წლამდის შავ ძაძებში და ფეხშიშველი დადიოდნენ, ლოგინშიაც არ წვებოდნენ, მარხულობდნენ და შიმშილობდნენ.

მესამე დღეს იცოდნენ „კილეშ გონწყუმა", რომ სახსნილო ეჭამა ჭირისუფალს და ამის შემდეგ, მიცვალებულის მოკეთეებსა და მეზობლებს შეეძლოთ ხორცის ჭამა.

მეორმოცე დღეს, შაბათს გადაიხდიდნენ მიცვალებულის ორმოცს. ამის შემდეგ დაიწყებოდა სამზადისი მიცვალებულის წლისათვის მოსაწყობად, რომელსაც „მოწანუა"-ს უწოდებდნენ.

წლისთავზე მიცვალებულს საფლავზე ქვას დაადებდნენ, რომელსაც ეწოდებოდა „ოდუდალე ქუა". საფლავის ქვაზე აწერდნენ მიცვალებულის ვინაობას, გარდაცვალების დროსა და რიცხვს.

მიცვალებულის ხსოვნას წლისთავის შემდეგაც არ ივიწყებდნენ და ყოველ დიდ დღესასწაულებში — შობას, აღდგომას, ამაღლებას და სხვა დღეებშიც სასაფლაოზე აგზავნიდნენ საკურთხს, დაუნთებდნენ საფლავზე სანთლებს და შენდობას ეტყოდნენ.

სამეგრელოში გლოვაც ხანგრძლივი იცოდნენ. ზოგიერთი 10-15 წელიწადს გლოვობდა საყვარელ ძმასა და ქმარს. ქვრივი ქალის გათხოვება რა იყო მოსაწონი. 

რელიგია

 

ქართული წარმართული წესების შესწავლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა კვირეულის დღეების მეგრულ სახელწოდებას, რომელიც დაკავშირებული იყო მნათობთა თაყვანისცემასთან.

კვირეულის დღეებსი მეგრულ სახელწოდებათა მიხედვით, მოცემულია მნათობ-ღვთაებათა შვიდეულის ასეთი შემადგენლობა და სახელები:

 


 

 

ქართული

 

კვირა (მზის დღე)

ორშაბათი (მთვარისა)

სამშაბათი (არია-მარსი)

ოთხშაბათი (ჰერმეს-მერკური)

ხუთშაბათი (აფროდიტე-ვენერა)

პარასკეთი (ზევსი-იუპიტერი)

შაბათი (კრონისი)

 

 

მეგრელური

 

ჟაშხა

თუთაშხა

თახაშხა

ჯუმაშხა

ცაშხა

ობიშხა

საბატონი


 

ახალი წლის დღესასწაული საზოგადოდ, მზის ღვთაების თაყვანისცემასთან იყო დაკავშირებული.

კალანდას სამეგრელოში ძველად დიდი ზეიმით ეგებებოდნენ და ამ დღისათვის, პირველ ყოვლისა ამზადებდნენ „ჩიჩილაკს" ან „ქუჩუჩს". ჩიჩილაკისათვის არჩევდნენ თხილის ან ძეძვის ხეს. ამ ხეს რამდენიმე დღის ადრე მოჭრიდნენ გრძელ ტოტს და შეინახავდნენ. კალანდის წინა დღის ოჯახის უფროსი მამაკაცი შეუდგებოდა ჩიჩილაკის გაკეთებას. საჩიჩილაკე ჯოხს ჯერ ცეცხლზე გარუჯავდნენ, შემდეგ მას გარეკანს, რომ დარბილებულიყო და სათლელად ადვილი ყოფილიყო, შემოაცლიდნენ და დაიწყებოდა გათლას. ჩიჩილაკის ნათალი  უნდა ყოფილიყო გრძელი და ხუჭუჭა, რომელსაც „წილამური" ეწოდებოდა. წვეტზე მიკრული იყო ანთებული სანთლები. ჩიჩილაკს ამკობდნენ ხილითა და ტკბილეულით: ვაშლებით, ბროწეულით, ჩამოჰკიდებდნენ ჩურჩხელებს, კანფეტებს და სხვა.

დიასახლისი ამ დროს აცხობდა საახალწლო კვერებს. ჯერ გამოაცხობდა ერთ დიდი ქონიან მჭადს, რომელსაც „ბასილა"-ს უწოდებდნენ.

ახალი წლის წინ ღორსა დაკლავდნენ და მოხარშულ ღორის თავს დადებდნენ საახალწლო ხონჩაზე, რომელზედაც იყო მოხარშული კვერები, საახლწლო „ღვეზელი", „ბასილა" და სხვა.

ახალწელიწადს დილიდანვე დაიწყებოდა ერთმანეთში სიარული და ახალი წლის მილოცვა. თან მიჰქონდათ თუთის წნელები, რომელსაც ამბორით გადასცემდნენ დიასახლისს. ახალ წელიწადს, ხელცარიელი ერთმანეთთან არ გადავიდოდნენ და თან მიჰქონდათ რაიმე ტკბილეული.

ახალი წლის მეორე დღეს იცოდნენ ფერხაობა, რომელსაც „კუჩხა"-ს უწოდებდნენ და ამ დღეს იყო ქათმების ფერხაობა.

მეგრული კალანდის ტაბლაზე საპატიო ადგილი ეჭირა ღორის თავს. ამ ცხოველის კულტიც დაკავშირებული იყო ახალი წლის ღვთაების თაყვანისცემასთან.

ბოსლობა სამეგრელოში ნააღდგომევის პირვეი კვირის ხუთშაბათს იცოდნენ. ამ დღეს შინაურ საქონელზე ორ-ორ კვერს აცხობდნენ.

„ჯგერაგუნა" ფუტკრის სალოცავია და მას ასრულებენ ამაღლებას. ამ დღეს დიასახლისი აცხობდა „ვარაბინა" კვერებს, რომელბსაც ამზადებდნენ წმინად პურისაგან.

„ჟინიში ხვამა". ჟინიშის ლოცულობდნენ ივლისში კვირა დღეს. დაკლავდნენ ციკანს სადმე სახლიდან მოშორებით და იქვე მოხარშავდნენ. აცხობდნენ კერებსაც და ჟინიშის შეევედრებოდნენ საქონლისა თუ ადამიანის მფარველობასა და გამრავლებას.

„ჯაშქეჩერი" ამ რიტუალს ასრულებდნენ სამურზაყანოში მარიამობის 15 აგსიტოს, როდესაც ყურძენი და ხილი მწიფდება.

„შქვითული" იცოდნენ ჭირნახულის აღებისა და დაბინავების შემდეგ, ოქტომბრის ბოლო რიცხვებში, ორშაბათ დღეს. ამ დღეს დაკლავდნენ შვიდ სულ სხვადასხვა ცხოველს და აქედან არის წარმომდგარი მისი სახელწოდებაც — შქვითულიც, რაიც ნიშნავს შვიდეულს.

ხუხუჯობას განსაკუთრებით ასრულებდნენ მჭედლები და იმ ღამეს მჭედლები იხდიდნენ „ოჭკადირეშიშ ოხვამერს" (სამჭედლოს ლოცვას). ხუხუჯობას მჭედლის ოჯახში დაკლავდნენ გოჭს და გამოაცხობდნენ კვერებს. საღამოს ამას ხონჩაზე დაალაგებდნენ, იქვე დადებდენ სამჭედლოს იარაღებს: ქურას, კვერს, გაზს და სხვა ხელსაწყო-იარაღებს. ამ ხონჩას მჭედელი შეიტანდა მარანში, სადაც სამჭედლო ქვევრი იყო ჩაფლული, თუ არადა, სამჭედლოში წაიღებდა. ქვევრთან მას წაჰყვებოდნენ მხოლოდ მამაკაცები.

„სადაბადო" ქალის სალოცავი ქვევრი იყო,  რომელიც ცალკე ემარხა მიწაში ოჯახის „ოხვამერი"-ს ცოტათი მოშორებით. სადაბადოს იხდიდა ოჯახის დიასახლისი და ამისათვის ის დააყენებდა ძროხას და როცა სახარე ხბოს მოიგებდა, დაკლავდა მას და სადაბადოს ილოცებოდა, შესთხოვდა ღმერთს ღანმრთელობას და ქმარ-შვილის ბედიერ ცხოვრებას.

„ბატონები". მეგრულად მას „პატონეფი" ეწოდება. ქუნთრუშას, წითელას, ყელჭივრებას, ყბაყურას — „ვა ვირე" და ყვავილს, საერთოდ, დიდ ბატონებს ეძახიან.

წყევლა. ხაჯარულს გიგობუნუანდანი, თეში გაალებური, ისე გაგიჟდი, რომ ხაჯალურით იყო დასაბმელიო.

ჩქმი მარძგვან კილეშე ძვალ ვეშეღანი, თინა სოიშა ვეგნოილუან, თეიაშა სკანი საშუელი ვემეჩამირი (სანამ ჩემ მარჯვენა მკლავიდან ძვალი არ ამოიღო და იგი არ გადაგავლონ, მანამდის შენი ხსნა ნუ იქნება.

„ჭინკა" — ხალხის  წარმოდგენაში  ბავშვის ტანისაა, ის ტიტველია . ჭინკები ტყეში ცხოვრობენო, ადამიანს გზის პირას დახვდებიან და სახელს დაუძახებენ.

 

 

შაკიკი შემომეყარა საღამოს და დილასაო, ისე სჭამდა სილასაო, როგორც ხარი თივასაო. გაუწყრეს წმ. გიორგი, გამეპარა დილასაო.

 

„გველის ნაკბენის შელოცვა".

 

„მამისა, ძისა, სული ძმიდისა, ამთე კამთე, შფოთე შთო ფარფარა, ლექთასუნი, აზმათა, კბენელი მოკვდეს, ნაკბენი მორჩეს. მიქელ გაბრიელ შენ უშველე".

 

ღამე კარში დარჩენილი საქონლის შელოცვა.

 „ეკენია, ბეკენია,

ბეკეს ხატი ხსომებია,

მეფეო შემოკარი

ნადირს კბილი შაუკარი.

ქრისტე ღმერთმა ჩამოუშვა

ხეს ბორკილი რკინისაო,

უწვავ-უხარშავის მჭამელი

შენ ჩაუშვი ზამში,

ნუ გაუშვებ გზაში-ო.

 

 

ალერტებოა იცოდნენ სოფ. ალერტში, რომელიც მდებარეობს მარტვილის რაიონში. ალერტის წმ. გიორგი ითვლებოდა ძლიერ ხატად სამეგრელოში. ნოებმრის პირველ ხუთშაბათს ოჯახებგი იხდიდნენ „საალერტო"-ს, რომელიც დაწესებული იყო სურდო-ხველისა და სხვა მოარულის წინააღმდეგ.

„სუჯუნის წმ. გიორგი" ძველ სამეგრელოში ძლიერ ხატად ითვლებოდა. სუჯუნა ოთხი კილომეტრით არის დაშორებული სადგურ აბაშიდან. სუჯუნა ჭყონდიდელების საზამთრო სადგური იყო და მას მარტვილის შემდეგ პირველი ადგილი ეჭირა. სუჯუნის ეკლესია მდიდარი იყო, ჰყავდა მრავალი ყმა და შემოსავალიც დიდი ჰქონდა. სუჯუნის ეკლესიაში დაცული ყოფილა ძვირფასი ხატ-ჯვრები. აქ ესვენა „სასწაულმოქმედი" სუჯუნის წმ. გიორგის ხატი, რომლის ხატობა იმართებოდა 23 აპრილს. ამ დღეს იქ დიდძალი მლოცველი მოდიოდა. ვისაც შეპირებული ჰქონდა, ისინი ღამეს ათევდნენ, საკლავს ხოცავდნენ, მუხლის მოყრით ეკლესიას გარშემო უვლიდნენ და სხვა. სუჯუნის წმ. გიორგი ითვლებოდა სულით ავადმყოფების მკურნალად. ისინი ხატობა დღეს იქ მიჰყავდათ და ალოცებდნენ. სუჯუნაში იცოდნენ ხატზე გადაცემაც. მაწყევარი დადგებოდა სუჯუნის წმ. გიორგის ხატის წინ, სანთლებს აანთებდა და შესთხოვდა მას გამოეჩინა ძალა და გაენადგურებინა მტერი და მავნებელი.

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2765 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz