1. ძველი კოლხეთი
სამეგრელოს ისტორიული წარსული დაკავშირებულია ძველ კოლხეთთა,
რომელშიც ტერიტორიულად მთლიანად შედიოდა დღევანდელი სამეგრელო.
მართალია, თანამედროვე მეგრელებისა და ძველი კოლხების ერთტომობის
საკითხი ჯერ კიდევ დასაბუთებას მოითხოვს, მაგრამ, უეჭველია, რომ მათ
შორის ტომობრივ-ეთნიკური ნათესაობა უნდა არსებულიყო. ტერიტორიულად კი
მეგრელები კოლხების უშუალო მემკვიდრენი არიან.
ამასთანავე, ისტორიულ-პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, ეს მხარე
იცვლიდა თავის გეოგრაფიულ-პოლიტიკურ სახელწოდებას. უძველეს დროს მას
ეწოდებოდა „კოლხიდა" ან კოლხეთი, საშუალო საუკუნეების ადრნიდელ
პარიოდში „ლაზიკა" ან ეგრისი, შემდეგ ოდიში და ახლა კი იგი ცნობილია
სამეგრელოს სახელწოდებით. ამიტომ სამეგრელოს იტორიაც იყოფა სამ
მთავარ პერიოდად: კოლხეთის, ლაზიკისა და ოდიშ-სამეგრელოსი.
საქართველოს ძველი იტორია ფაქტიურად კოლხეთის ისტორიით იწყება,
ისტორიის ვერც ერთი მკლევარი მას გვერდს ვერ აუხვევს. მაგრამ, ამისდა
მიუხედავად, კოლხეთის ისტორია ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ანტიკურ
მწერლობაში იგი ცნობილია „კოლხიდის" სახელწოდებით და უძველესი
ცნობები მის შესახებ შემონახულია ძველ ბერძნულ თქმულებებსა და
მითოლოგიაში; აგრეთვე საბერძნეთისა და რომის საისტორიო მწერლობაში.
საკითხი კოლხეთის ვინაობისა და მათი წარმოშობის სადაურობაზე
საისტორიო მწერლობაში ჯერ არ არის საბოლოოდ დადგენილი და გარკვეული.
ამის შესახებ რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს. ჰეროდიტეს აზრით, კოლხები
ეგვიპტელების ჩამომავლები არიან.
ბერძენი მწერლები კოლხებს და მოსინიკებს ბიბლიური ნოეს შვილის
იაფეტის შთამომავლებად თვლიდნენ.
თანამედროვე მეცნიერებაში წამოყენებულია ჰიპოთეზა კოლხების
შუამდინარეთიდან გადმოსახლების შესახებ ამიერკავკასიაში და ამ
კოლხებს უკავშირებენ ასურულ-ლურსმულ წარწერებში მოხსენებული „კასკაია"-ს.
ეს
ჰიპოთეზა უფრო დაფუძნებულია ტერმინების „კოლხოი" და „კასაია"-ს
ლინგვისტურ ანალიზზე და იგი არ არის შეჯერებული ისტორიული ხასიათის
ფაქტებით და არქეოლოგიური აღმოჩენებით.
ჰომეროს „ოდისეაში" თავისი გმირის ოდისეის მგზავრობას ადარებს
არგონავტების მოგზაურობას. ჰომეროსის პოემა „ოდისეა" დათარიღებულია
XI-X სს. ძვ. წ. და ამის მიხედვით ირკვევა, რომ კოლხეთი ამ დროს
დასახელებული ყოფილა კოლხებით, რომლებსაც საკმაოდ ძლიერი და
სახელმოხვეჭილი სამეფო შეუქმნიათ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება
კოლხების გადმოსახლების თეორიას შუამდინარეთიდა შავი ზღის სანაპიროზე
VII-VI სს. ძვ. წ.. ამასთანავე, არქეოლოგიური აღმოჩენებიც აშკარად
მოწმობენ, რომ ძველი კოლხეთის ტერიტორია უძველეს დროიდან დასახლებული
ყოფილა. აქ აღმოჩენილი ქვისა და ბრინჯაოს ხანის მდიდარი კულტურა
აშკარად მიგვითითებენ, რომ კოლხეთის ტერიტორიაზე იყო უწყვეტი
მოსახლეობა, რომელსაც გაუვლია ქვისა და ბრინჯაოს ხანა და ისტორიულ
პერიოდში კი აქაურ მოსახლეობას კოლხების სახით შეუქმნია საკმაოდ
მაფალი კულტურა. ეს გარემოება ეჭვის ქვეშ აყენებს კოლხების
გადმოსახლების თეორიას და ამავე დროს, ჩვენ საშუალებას გვაძლევს
ვიფიქროთ, რომ კოლხები და მათი მონათესავე ქართველი ტოები აქაური
მკვიდრნი (აბორიგენები) არიან, რომელთა წინაპრებს უძველეს დროიდან
უცხოვრიათ აწინდელი საქართველოს ტერიტორიაზე და გაუვლიათ
საზოგდაოებრივი განვითარების ქვისა და ბრინჯაოს ხანა და ისტორიულ
პერიოდში მათ შეუქმნიათ საკმაოდ აფალი კულტურა.
ძველი კოლხეთი გეოგრაფიულად მდებარეობდა შავი ზღვის ნაპირას,
დღევანდელ დასავლეთ საქართველოში. მისი საზღვრები
პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოვლენებთან დაკავშირებით იცვლებოდა.
საკუთრივ კოლხეთი მისი ვიწრო ეთნიკური მნიშვნელობით ეწოდებოდა რიონის
ხეობას და უმთავრესად შეიცავდა დღევანდელი სამეგრელოს ტერიტორიას.
მაგრამ თავისი ფართო მნიშვნელობით, პოლიტიკური ძლიერების პერიოდში,
კოლხეთი მოიცავდა მდინარე ჭოროხის ხეობას, ე.ი. ლაზეთს, აჭარას და
გურიას, აგრეთვე ენგურის ხეობას, ე.ი. აფხაზეთის ტერიტორიას.
კოლხების პოლიტიკური ძლიერების ხანაში V-I სს. ძვ. წ. მთელ ამ მხარეს
ბერძნები უწოდებდნენ „კოლხიდა"-ს. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით—ლიხის
მთა, დასავლეთით—შავი ზღვა ბიჭვინტიდან ტრაპიზონამდის. სტრაბონის
მოწმობით, დიოსკურიიდან მიდის კოლხეთის ზღვის პირი ტრაპიზონამდე (Лат.,
I, გვ. 169). ჩრდილოეთით—კავკასიის ქედი და სამხრეთით—მას საზღვრავდა—მესხეთი.
სტრაბონის ცნობით, კოლხეთი მდებარეობდა მესხეთის და კავკასიის მთებს
შორის.
კოლხეთის მთავარი მდინარე იყო ფაზისი (რიონი). სტრაბონის ცნობით,
ფაზის მდინარის პირად მდებარეობს ქალაქი იმავე სახელისა (ფაზისის
ქალაქი), რომელსაც საზღვრავს ერთი მხრით—მდინარე, მეორე მხრით—ტბა და
მესამე მხრით—ზღვა. კოლხეთის ნიადაგი,—ამბობს იგი ფაზის მდინარის
შესართავთან — ქვიშიანია, დაბლობი და ნოტიო (Лат.,
I, გვ. 137). სტრაბონის ეს აღწერილობა იძლევა დღევანდელი ფოთისა და
მისი მიდამოს სურათს.
კოლხეთში არსებობდა შემდეგი ქალაქები: ეა, შემდეგში არქეოროლისად
წოდებული (დღევანდელი ნოქალაქევი). ეს კოლხეთის სატახტო ქალაქი
ყოფილა, რომელსაც პირველად ეწვივნენ არგონავტები. ქალაქი ეა
მოხსენიებულია ელადის პოეზიაში.
ქ.
ფაზისი (ფოთი) მდებარეობდა რიონისა (ფაზისის) და შავი ზღვის
შესართავში.
უფრო ზუსტი აღწერილობა ქ. ფაზისისა მოეპოვება სტრაბონს, რომლის
მიხედვით, ქ. ფაზისს ერთის მხრით საზღვრავს შავი ზღვა, მეორე მხრით—რიონი
და მესამეს მხრით—პალიასტომის ტბა. ამ ცნობაში მოცემულია ქ. ფოთის
მდებარეობის სრული სურათი.
ქალაქი დიოსკურია. ამ ქალაქის დაარსებას ბერძნული მითოლოგია მიაწერს
მეზღვაურთა ღმერთებს — დიოსკურებს. დიოსკურიას მეორე სახელიც რქმევია
„სებასტოპოლისი". სტეფანე ბიზანტიელის მოწმობით, შავი ზღვის პირას
მდებარე ქალაქ დიოსკურიას უწინ სებასტოპოლისი ეწოდებოდაო (Лат.,
I, გვ. 259). სტრაბონი მოგვითხრობს, „რომ დიოსკურია მდებარობს შავი
ზღვის აღმოსავლეთის კიდეზე, ზღვის ყურეში და ამიტომ უწოდებენ მას
შავი ზღვის კუთხეს. ამ ქალაქიდან იწყება ყელი, რომელიც მიემართება
შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. თვით ქალაქი წარმოადგენს სავაჭრო
ადგილს გარშემო მცხოვრებთათვის"-ო.
როგორც ამ ცნობებიდან ირკვევა, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ძველი
დიოსკურია დღევანდელი სოხუმი (ცხუმი), ან მასთან ახლოს მდებარე
რომელიმე ქალაქია. ამას მოწმობს, არიანეს (II ს. ახ. წ.) ცნობა,
რომელიც ამბობს, რომ პირველი ნავსადგური დიოსკურიიდან არის ბიჭვინტა.
ქალაქი პიტიუნტი, დღევანდელი ბიჭვინტა, იყო კოლხეთის სავაჭრო
ციხე-ქალაქი. სტრაბონი მას დიდ ქალაქს უწოდებს, პლინიუსი კი უმდიდრეს
ქალაქს.
ციხე-ქალაი კიტეა მოხსენიებულია არგონავტების მოგზაურობაში. ის არის
აპოლონ როდოსელის მიერ (III ს. ძვ. წ.) მოხსენიებული კოტიაიონ,
რიონზე მდებარე, დღევანდელი ქუთაისი. პროკოპი კესარიელს მოყვანილი
აქვს არიანეს თხზულებიდან ცნობა, რომ რიონზე მდებარე ციხეს ბერძნები
უწოდებენ კოტაიონს, ლაზები კი კუთათისსო.
ციხე-ქალაქი სარაპანი ცნობილია კოლხეთის ისტორიაში, როგორც დიდი
ნავსადგური, რომელიც მდებარეობდა მდ. ყვირილაზე. იგი წარმოადგენდა
სავაჭრო საქონელის საწყობს. აქვე იკრიბებოდნენ ვაჭრები, რომლებიც
აღებ-მიცემობას აწარმოებდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს
შორის. სტრაბონის მოწმობით, ფაზის მდინარეში დადიოდნენ გემები
სარაპნის ციხემდე, რომელსაც თავისი სიდიდით შეეძლო მთელი ქალაქის
მცხოვრებთა დატევა (Лат.,
I, გვ. 136; გეორგიკა, 304-307).
აქ
დასახლებულ მსხვილ ციხე-ქალაქებთან ერთად, კოლხეთში არსებობდა
აგრეთვე უფრომ მცირე ქალაქებიც, მაგალითად, ციხე სკანდა, ვარდციხე (როდოპოლისი),
ციხე უქიმერიონი და სხვა.
კოლხეთის მოსახლეობის შესახებ ჩვენ არა გვაქვს უტყუარი ცნობები,
მაგრამ იმ მცირეოდენი მასალების მიხედვით, რომელიც მოიპოვება ძველ
ბერძნულ მწერლობაში, შესაძლებელია დადგენა, რომ მოსახლეობა ეკუთვნოდა
ქართველთა ტომის სამ შტოს: კოლხებს, რომლებშიაც შედიოდნენ მაკრონები
(მეგრელები) და ჭან-ლაზები, აფშილ-აფხაზებს და სვანებს. კოლხეთის
მოსახლეობაში შედიოდნენ მათივე მონათესავე მცირე ტომები: მოსინიკები,
ჰენიოხები და ზიდრიტები. ამ ტომებს შორის თავდაპირველად გაბატონებული
იყვნენ კოლხები, რომელთა ხელში იყო პოლიტიკური ძალაუფლება და მთელ ამ
მხარეს მათ მიანიჭეს თავიანთი ტომობრივი სახელწოდება—კოლხეთი.
კოლხები ეწეოდნენ ბინადარ ცხოვრებას და საკმაოდ ძლიერ და გავლენიან
ტომებად იყვნენ ცნობილი.
კოლხების მონათესავე მცირერიცხოვან ტომებს შორის, უფრო ცნობილი არიან,
ბერძნული მწერლობის მიხედვით, მოსინიკები ან ჰეპტაკომიტები.
კოლხეთის მოსახლეობის მეორე შტოს ეკუთვნოდნენ აფშილ-აბაზგები (აფხაზები),
რომელნიც კოლხეთის სამხრეთით ბინადრობდნენ და ეჭირათ მდინარე ენგურის
მიდამო. მათ შესახებ ძველ ბერძნულ მწერლობაში მცირე ცნობები
მოიპოვება, მხოლოდ არიანე (II ს. ახ. წ.) მოგვითხრობს, რომ ლაზების
მოსაზღვრე აბშილებია, აფშილებს საზღვრავს აბაზგებიო.
კოლხეთის მოსახლეობის ქართველთა მესამე შტოს ეკუთვნოდნენ სუანები (სვანები).
მათ შესახებ უფრო მცირე ცნობებია ძველ ბერძნულ მწერლობაში შემონახული.
მხოლოდ სტრაბონს აქვს მათ შესახებ შემდეგი ცნობა: „სვანებს უჭირავთ
დიოსკურიის მაღალი მთები და იქიდან მბრძანებლობენ გარშემო ხალხზე".
კოლხეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებ ბერძნულ
წყაროებში მცირე ცნობებია შემონახული. ამიტომ ძნელია კოლხეთის
სახელწიფოებრივი წყობილების სრული სურათის მოცემა. მაგრამ
იმდროინდელი ცნობების მიხედვით, ირკვევა აშკარად, რომ V-VIII სს. ძვ.
წ. კოლხეთი იმყოფებოდა გარდამავალ ხანაში, როდესაც გვაროვნული
წყობილება უკვე დაშლილი იყო და კლასობრივი საზოგადოების
წარმოშობასთან ერთად, იწყებოდა ადრინდელი ფეოდალიზმის პერიოდი.
კოლხეთის პოლიტიკური ცხოვრების სათავეში იდგა მეფე—„ბასილევსი",
რომლის ხელისუფლება გადადიოდა გაბატონებულ საგვარეულოს უფროსზე.
კოლხეთის პირველ მეფედ ბერძნულ მითოლოგიაში მოხსენებულია აიეტი,
რომელიც წარმოდგენილია ძლიერ და მდიდარ მეფედ. აიეტის სიმდიდრეზე
ბერძნებმა შექმნეს მშვენიერი მითი ოქროს საწმისის მოტაცებაზე
კოლხეთიდან და ეს გარემოება ჩვენ ერთგვარ საბაბს გვაძლევს ვიფიქროთ,
რომ კოლხეთი ძველად მართლაც წარმოადგენდა საკმაოდ დაწინაურებულ
სამეფოს. უძველესი დროიდან, კოლხეთი იზიდავდა ახალშენების მაძიებელ
საბერძნეთის მეზღვაურებსა და ვაჭრებს დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან
კი — ძველი ირანის მბრძანებლებს, რომლებიც მოისწრაფოდნენ შავი ზღვის
სანაპიროსაკენ. ამის გამო, ორივე ეს მხარე ცდილობდა კოლხეთის
სანაპიროების ხელში ჩაგდებას და იქ თავიანთი პოლიტიკურ-ეკონომიკური
ბატონობის განმტკიცებას. უკვე V ს. ძვ. წ. ჰეროდიტეს მოწმობით,
კოლხეთი მოქცეული ყოფილა ირანის გავლენაში.
პირველ საუკუნეში ძვ. წ. პონტოში გაძლიერდა მეფე მითრიდიტე VI
ევპატორად წოდებული. მან დაიპყრო მცირე აზიის ქვეყნები და შექმნა
საკმაოდ ძლიერი ბოსფორის სამეფო.
მითრიდატმა თავისი გავლენა ჩქარა შავი ზღვის საპაროზე მოსახლე
ხალხებზედაც გაავრცელა.
მაგრამ მითრიდატეს ბატონობა დიდხანს არ გაგრძელებულა კოლხეთში.
მითრიდატის გაძლიერება აღმოსავლეთსა და მცირე აზიაში საფრთხეს
უმზადებდა რომის ბატონობას და ამიტომ, რომის სენატმა გადაწყვიტა
მითრიდატის დამარცხება და ეს საქმე მიანდო ცნობილ მხედართმთავარს
პომპეუსს. რამდენიმე შეტაკების შემდეგ, პომპეუსმა გაიმარჯვა და
დამარცხებული მითრიდატი გაიქცა კოლხეთში. რომის ლაშქარი არეზისა და
მტკვრის ხეობით შეიჭრა ალბანეთსა და იბერიაში. იბერიის მეფე არტაგი
იძულებული იყო დამორჩილებოდა პომპეუსს.
იბერიიდან პომპეუსმა გაილაშქრა კოლხეთზე, სადაც მას ეგულებოდა
მითრიდატი. რომის ჯარი მდ. რიონით შევიდა ქ. ფაზისში (ფოთში).
პომპეუსმა კოლხეთი დაიმორჩილა და რომაელებმა აქ მეფედ დააყენეს
არისტარხი, რომელიც ფულსაც სჭრიდა ასეთი წარწერით: „კოლხეთის მეფის
არისტარხისა".
უკანასკნელ მეფედ კოლხიდისა იყო პოლემონი, რომლის სიკვდილის შემდეგ,
მისი ცოლი პითოდორა, ქალი ჭკვიანი და საქმის მცოდნე, გახდა მეფედ
კოლხიდელებისა, ტრაპიზონისა, ფარნაკიისა და მათ ზემოთ მცხოვრები
ბარბაროსებისა. დღეს მთელ ამ მხარეს, რომელიც ფაზისის და ევფრატის
აქეთ არის, განაგებენ რომაელები ან მათგან დანიშნული მთავრებიო.
მაგრამ კოლხეთი რომის ბატონობას ურჩობდა და როდესაც რომს ძლიერი
მეტოქე ძალა გამოუჩნდებოდა, იგი მზად იყო განდგომისათვის. იულიუს
კეისარს (48 წ. ძვ. წ.) დროს კოლხეთი გამდგარა და რომაელებს იგი
ხელმეორედ დაუპყრიათ.
რომაელები თავიანთი ბატონობის პირველ პერიოდში კოლხეთის შინაურ
საქმეებში არ ერეოდნენ. მხოლოდ ახლად არჩეულ მეფეს ამტკიცებდა რომის
კეისარი, მისგან იღებდა სამეფო ნიშნებს, აგრეთვე ერთგულების ნიშნად,
კოლხეთის მეფეს მძევლები უნდა მიეცა და რომის მოთხოვნებისამებრ,
ჯარით და იარაღით მიშველებოდა მას.
იბერიისა და კოლხეთის დამორჩილების შემდეგ, რომის იმპერატორები
შეუდგნენ ამიერკავკასიაში თავიანთი ბატონობის განმტკიცებას,
ციხე-სიმაგრეების განახლებას და ყველა შემოსასვლელი კარის გამაგრებას.
მით უმეტეს, რომის იმპერიას ამიერკავკასიაში ჩქარა გამოუჩნდა ძლიერი
მეტოქე. ეს იყო ძველი ირანი.
ირანის მმართველები კარგად გრძნობდნენ, თუ რა საფრთხეს უმზადებდა მათ
გაძლიერებული რომის იმპერია იბერიისა და კოლხეთის ხელში ჩადებით.
ამას ჩქარა მოჰყვა რომსა და ირანს შორის პოლიტიკური ურთიერთობის
გართულება.
მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, საჭირო იყო კოლხეთის
მეფეებთან მეგობრული კავშირის განმტკიცება, ადგილობრივი
ციხე-სიმაგრეების განახლება და გამაგრება.
ამ
მიზნით, ფაზისსა და დიოსკურიაში (სებასტოპოლისი), რომელიც სავაჭრო
ქალაქებს წარმოადგენდნენ, რომის კეისარს თავისი მეციხოვნე ჯარები
ჩაუყენებია.
ამასთანავე, ბოლო რომ მოეღოთ კოლხების მხრივ მოსალოდნელი
განდგომისათვის, რომაელებს აქაც მიუმართავთ თავიანთი ნაცადი
ხერხისათვის „divide
de imeria"—
„დაყავი და იბატონე". არიანეს აღწერის მიხედვით, 134 წელს ადრიანე
კეისარის დროს, კოლხეთში ოთხი პატარა სამეფო ყოფილა: ლაზთა სამეფო —
შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მის ჩრდილოეთით — აფშილების
სამეფო იყო, ამაზე უფრო ჩრდილოეთით კი — აფხაზთა სამეფო და ამაზე
უფრო ზევით — სანიგების ან სანების სამეფო მდებარეობდა.
არიანეს მოხსენებიდან ისიც ირკვევა, რომ ოთხივე მეფეს ხელისუფლება
მიღებული და დამტკიცებული ჰქონდა რომის კეისრისაგან და მათ შორის
წინანდელ კოლხეთის მეფის მსგავსად, უპირატესობა არცერთს არ ჰქონია.
აქ მოსახლე ტომებს შორის ბატონობის პერიოდში დაწინაურდნენ ლაზები.
კოლხებმა რომაელებს შემოსევის შემდეგ, დაკარგეს პოლიტიკური ჰეგემონია
და სამეფოს ხელისუფლება გადავიდა კოლხების მონათესავე ტომზე ლაზებზე,
რომლებიც წინათ ემორჩილებოდნენ კოლხების მეფეებს.
კოლხების ხელიდან პოლიტიკური მესვეურობის ლაზების ხელში გადასვლას
მოჰყვა თვით ამ სახელმწიფოებრივი ერთეულის სახელწოდების შეცვლაც და
ამიერიდან რომაელებმა მას კოლხეთის ნაცვლად უწოდეს—ლაზიკა, ან ლაზიკე.
ძველ კოლხეთში საკმაოდ დაწინაურებული ყოფილა საზოგადოებრივ-კულტურული
ცხოვრება. კლასიკური ხანის მწერლები აქებენ კოლხების
სტუმართმოყვარეობას და მათი ცნობით, კოლხიდელები დიდ დახმარებას
უწევდნენ თურმე ზღვის ღელვისაგან გადარჩენილებს ფულით, სურსათის
მიწოდებით, თუ სხვა საშუალებებით. ძველი მწერლების აღწერილობით,
კოლხეთის მოსახლეობა ხის სახლებში ცხოვრობდა. სახლები მაღალ
ბოძებიანი ყოფილა, კოშკების მსგავსად ნაგები. კოლხები იძულებულნი
იყვნენო ასეთ შენობებში ეცხოვრათ, რადგან ხშირად წვიმების გამო
დედამიწა იყო სველი და ნესტიანი. მოსახლეობა უმთავრესად იკვებებოდა
პურით, ღომით (ღომის ღომი), მოხარშული წაბლით, ხილით და ხორცით.
ხმარობდნენ დამარილებულ ზღვის ღორის ქონს. ღვინოსაც სვამდნენო,
მაგრამ წყალ-ნარევს. ქსენოფონტეს ცნობით, აქაური ღვინო უწყლოდ ყოფილა
მწლაკე, წყლით კი გემოიანი და სურნელოვანი (ალ. ჭყონია, 116,
Лат.,
I, 82).
ქსენოფონტეს მოწმობით, როდესაც ბერძნებმა მოსინიკების ქალაქი აიღეს,
მათ სახლებში ბევრი პური იპოვეს. ეს პური სარდაფებში ყოფილა
შენახული. ამას გარდა, უნახავთ ახალი პურის ძნებიც და თიხის
ქვევრებში დამარილებული ზღვის ღორის ქონი. ბეღლებში ეწყო მრავალი
წაბლი, რომელსაც მოსინიკები ხარშავდნენ და პურის მაგივრად ხმარობდნენ.
ამასთანავე, ბევრი თაფლიც მოდიოდა.
კოლხების მეფეები მთის წვერზე აგებულ კოშკებში ცხოვრობდნენ თურმე,
საზოგადო ხარჯებით იკვებებოდნენ და მათ იცავდნენ საგანგებო მცველები.
კოლხები, ამასთანავე გულადი და მეომარი ხალხი ყოფილა, სალაშქროდ
გამოდიოდნენ თავიანთი სარდლების მეთაურობით.
კოლხების რელიგიური რწმენის შესახებ ბერძნულ-რომაულ მწერლობაში
შედარებით მცირე ცნობები მოიპოვება, რომელთა მიხედვით ირკვევა, რომ
კოლხეთს სარწმუნოებრივი ურთიერთობა ჰქონია ძველ საბერძნეთსა და
ირანთან.
არიანეს მოწმობით (II ს. ახ. წ.), მდინარე ფაზისის შესავალთან
მარცხენა მხარეს, აღმართულია ფაზიანების ღმერთი ქალი, რომელიც
გარეგნული გამოსასხულებით ღმერთ-ქალი რეა არისო.
ბერძნულ-რომაულ კულტებთან ერთად, კოლხეთში გავრცელებული ყოფილა ხეთა
თაყვანისცემა. პროკოპი კესარიელის მოწმობით, ტყვეების თაყვანისცემა
ძლიერ გავრცელებული ყოფილა განსაკუთრებით აფხაზეთში, სადაც
უმთავრესად თაყვანსა სცემდნენ მუხას.
ირანის პოლიტიკურ-კულტურულ გავლენასთან დაკავშირებით ძველ კოლხეთში
გავრცელებული ყოფილა მაზდეანური რწმენაც, რაც გამოიხატებოდა ცეცხლის
თაყვანისცემაში.
ქრისტიანობაც პირველი საუკუნიდან გავრცელდა კოლხეთში. ამ ახალი
რწმენის შემომტანნი და გამავრცელებელნი იყვნენ რომიდან კოლხეთში
გადასახლებული ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი.
თეოდორიტე კვიპრელის მოწმობით, ქ. ბიჭვინტა რომაელებმა აქციეს
იმდროინდელ დასასჯელ ადგილად, სადაც სხვათა შორის, გადასახლეს იოანე
ღვთისმეტყველიო.
კოლხეთში ქრისტიანობის გავრცელებას ის გარემოებაც მოწმობს, რომ
პირველ მსოფლიო კრებას 325 წელს დასწრებია ქ. ფაზისის (ფოთის)
ეპისკოპოსი.
ძველი მწერლების ცნობების მიხედვით, ძველი კოლხეთი
კულტურულ-ეკონომიკურად საკმაოდ დაწინაურებული ქვეყანა ყოფილა. ამას
ხელს უწყობდა თვით კოლხეთის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელსაც ეჭირა
შავი ზღვის სანაპიროები. აქედან გადიოდა ინდოეთისაკენ მიმავალი დიდი
სავაჭრო გზა. თვით კოლხებიც დაწინაურებული ყოფილან ვაჭრობასა და
ხელოსნობაში, განსაკუთრებით ლითონის დამუშვებაში. ამ დარგში თავი
გამოუჩენიათ მოსინიკებს, რომლებიც ამზადებდნენ განსაკუთრებული
ელვარების მქონე თითბრის ჭურჭელს „მოსინად" წოდებულს.
სტრაბონის მოწმობით, მის დროსაც კოლხებს ბლომად გამოჰქონდათ
მადნებიდან ოქრო, ვერცხლი და რკინა. სვანეთის ოქროსქვიშიან
ნაკადულების შესახებ ძველმა მწერლებმა მრავალი თქმულება დატოვეს.
ლითონისაგან კოლხები სახმარ ჭურჭელთან ერთად ამზადებდნენ აგრეთვე
სამკაულებსაც. თავიანთი ნაწარმი მათ გასაყიდად გამოჰქონდათ შინაურ და
უცხოეთის ბაზარზე.
კოლხეთში კარგი სავაჭრო ქალაქებიც არსებობდა, მათ შორის ცნობილი იყო
დიოსკურია (სებასტოპოლისი). დიოასკურიას ფართო სავაჭრო ურთიერთობა
ჰქონია მეზობელ ქვეყნებთან. უმთავრესი სავაჭრო საგანი მისი
აღებ-მიცემობისა მარილი იყო.. სტრაბონის მოწმობით, ქალაქი დიოსკურია
წარმოადგენდა საერთო სავაჭრო ადგილს გარშემო მცხოვრებთათვის. აქ
იკრიბებოდა 70 სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ერიო მეორე მნიშვნელოვანი
სავაჭრო ქალაქი კოლხეთისა, განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობაში იყო ქ.
ფაზისი (ფოთი), რომელიც მდებარეობდა ინდოეთის სავაჭრო გზაზე და
წარმოადგენდა სავაჭრო საქონლის ბრუნვის დიდ ნავსადგურს.
ვაჭრობის განვითარება—დაწინაურებას ჩქარა მოჰყვა ფულის ნიშნების
ტრიალი და ბერძნული ფულების წაბაძვით, უკვე VI საუკუნიდან ძვ. წ.
კოლხეთშიც ჩნდება საკუთარი ფული, რომელიც ცნობილია „კოლხურად".
ვერცხლის ეს ფულები იჭრებოდა დიდრაქმიანი და ნეხევარ დრაქმიანი (წვრილი)
და მრავალია აღმოჩენილი დღევანდელი სამეგრელოს ტერიტორიის ფარგლებში.
|